დღეს აჭარის მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

06 ოქტომბერი 2019, 12:12 2006 ნახვა

დღეს, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართება. აქცია მემედ აბაშიძის N41 -ში მაუწყებლის შენობასთან  ჩატარდება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში"-ა.

„ჩვენ, მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უზღუდავს ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს.

მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა – ნათია კაპანაძის, მაუწყებლის დირექტორის, იმპიჩმენტის შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა. არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, რომ ახალშერჩეულმა მრჩეველთა საბჭომ ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი დირექტორად აირჩიოს, რითაც საფრთხე დაემუქრება ტელევიზიის, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის, შესრულებას. ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას, ვეღარ შეძლებენ ჩვენი, მოქალაქეებისთვის, პრობლემური საკითხების ობიექტურად და კრიტიკულად გაშუქებასა და ინფორმირებას.

აღნიშნულ საფრთხეებზე მიუთითებენ თავად აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას ითხოვენ. შესაბამისად, მოგიწოდებთ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ აქციაზე [6 ოქტომბერს] 17:00 საათზე. ერთად დავუჭიროთ მხარი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიტყვის თავისუფლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას!“ –წერია მოძრაობის- „ქვეყნის სამსახურში“ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი