აჭარაში მაღალ თანამდებობზე მყოფ 6 პირს ქონებრივი დეკლარაცია დარღვევით აქვს შევსებული

03 ოქტომბერი 2019, 12:48 3704 ნახვა

ქედის მერს, ლევან გორგილაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს,შუქრი თურმანიძის ქონებრივი დეკლარაცია კანონდარღვევით აქვთ შევსებული - დეკლარაციები "გამჭვირვალობა საქართველომ" შეისწავლა და კვლევა დღეს გამოაქვეყნა. 

როგორც გაირკვა, ქედის პირველ პირებს დეკლარირებული აქვთ კომპანიები, რომლებშიც 100% წილს ფლობენ და ეს წილები, კანონდმებლობის შესაბამისად, სხვებზე მართვის უფლებით არ აქვთ გადაფორმებული. ეს კი კანონის დარღვევად ითვლება. 

ქედის მერი, ლევან გორგილაძე - სამედიცინო დახმარებისა და ექსპერტიზის ცენტრის შპს "ლევგორის" მფლობელია, ხოლო შუქრი თურმანიძე შპს "ექსპრეს-გარანტის" დამფუძნებელი. 

დარღვევით აქვთ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია შუახევის მერს და მის მოადგილესაც. მერს, ფრიდონ ფუტკარაძე არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე, შპს „ეკოტური Ge”-ს 50% წილის მფლობელია.

მის მოადგილეს, ომარ ტაკიძეს არ დაუწერია, რომ შპს „ეკონომიის” 50%-ს, ხოლო  „აშენედა იმეგობრეს” 59% წილს ფლობს.

რაც შეეხება ქობულეთს - საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს, 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი შვილი 100% მფლობელი და დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს „თმმ”, შპს „სიშელი”და შპს „ინგლისური აჭარაში - Adjara English”.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია თხილაიშვილს კი არ აქვს აღნიშნული, რომ მეუღლე,  100% წილს ფლობს და დირექტორის პოზიცია უკავია შპს „პირამიდა-2012”-ში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" საქართველოს მასშტაბით, 300 მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლა. 

აქედან, 78 დეკლარაციაში - 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი.

ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ. 

მსგავსი კვლევა ორგანიზაციამ 2018 წელსაც გააკეთა, მაშინ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრების დეკლარაციები შეისწავლეს, სადაც დარღვევები აღმოაჩინეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი