ბათუმის საკრებულოს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების წილები კომპანიებში, რომლებიც დეკლარაციებში არ მოხვდა

06 დეკემბერი 2018, 00:00 4486 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბათუმის მერიასა და საკრებულოში თანამდებობაზე მყოფი პირების დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 8 თანამდებობის პირს, არასრულად აქვს შევსებული დეკლარაცია, ხოლო ნაწილს აქვს ინტერესთა შეუთავსებლობა, რადგან ამ დრომდე საწარმოს ხელმძღვანელ პირებად რჩებიან. 

კვლევის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს  ზურაბ ნაკაიძის  დეკლარაციაში მითითებული არ აქვს სამეწარმეო საქმიანობა. 
საკრებულოს თანამდებობის პირი შპს „ბიოლა ჯორჯიას” დირექტორია, რითაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.
ზურაბ ნაკაიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 2014 წელს 2 200 ლარი შესწირა. 

ზურაბ ნაკაიძე


ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე შპს „ბაგირა 21-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. საკრებულოს თანამდებობის პირს, კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საწარმოს დირექტორობას უკრძალავს. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2018 წლის 15 იანვარს, ირაკლი პატარიძემ მიმართა მეწარმეთა რეესტრს დირექტორობიდან განთავისუფლების განცხადებით, თუმცა რეესტრის მონაცემებით, განცხადებაზე წარმოება შეწყვეტილია არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გამო.  შესაბამისად, პატარიძე ამ დრომდე აღნიშნული კომპანიის დირექტორად რჩება. ამასთან, ამავე კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას კომპანიის 100%-იანი წილი მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

ირაკლი პატარიძე

ირაკლი პატარიძეს 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „ტრეიდინგ
სერვისსა” და ასევე, შპს trading service-ში 50-50%-იანი წილი აქვს. საკრებულოს თანამდებობის პირს, არც ეს წილები გადაუცია სხვა პირებისთვის სამართავად, რაც კანონდარღვევაა.

ამასთან, ირაკლი პატარიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია მამის ბადრი პატარიძის სამეწარმეო საქმიანობა კომპანიაში „ბადურა”-ში, სადაც საკრებულოს თანამდებობის პირის მამა 100%-იანი მეწილე და დირექტორია.  ირაკლი პატარიძემ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 2016 წელს 2000
ლარი შესწირა.
პატარიძის 50%-იან მფლობელობაში მოქმედი კომპანიები „ტრეიდინგ სერვისი” და Trading Service აქტიურად  მონაწილეობენ ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში მოქმედ საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. აღნიშნული კომპანიები შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობენ. ამ
ორგანიზაციებს შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საბავშვო ბაღები, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის სასპორტო სკოლა, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ათეულობით სხვა საჯარო დაწესებულება. 

ორივე კომპანიას 2015-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად გაფორმებული 113 ხელშეკრულებიდან 500 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული, 300 გამარტივებული შესყიდვიდან კი 170 000 ლარამდე.  მიუხედავად ამისა, ირაკლი პატარიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2017 წელს არცერთი კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია. 

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეს დეკლარაციაში მითითებული 50%-იანი წილი შპს „აისსა” და 20%-ანი წილი შპს „წყალი
მახარობელში” მინდობით სხვა პირებზე არ გადაუცია, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

ასევე, დეკლარაციაში არ არის მითითებული ავტოფარეხი ქ.თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე და ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი და დამატებითი ფართი.
შპს „აისი” სხვადასხვა ორგანიზაციას პირდაპირი შესყიდვის გზით სასტუმრო მომსახურეობას უწევს, მათ შორისაა ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის დასაქმების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ა.შ.

აისთან” დადებული ბოლო პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 2018 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება, პირველი კი 2012 წლის 18 ივლისით. ჯამში, 37 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების შედეგად, სასტუმრო „აისმა” 60 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, ომარ მახარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ „აისის” 50%-იანი წილის ფლობიდან 2017 წელს შემოსავალი არ მიუღია.
რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, „აისს” სულ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთის
ღირებულება 1 200 ლარამდეა (SPA150028280), მეორისა კი 37 ათას ლარამდე („აისმა” ორ კონკურენტს
დაბალი ფასის შეთავაზებით მოუგო, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება) - შემსყიდველი
ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიაა (SPA180008373).

ომარ მახარაძე

ნატალია ძიძიგურს, რომელიც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარეა, დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, იაგო დევაძის საკუთრებაში არსებული 77.6 კვ.მ სხვენი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. დეკლარაციაში არც იაგო დევაძის 2.38%-იანი წილია აღნიშნული შპს „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ორივე შემთხვევაში საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლი დაირღვა.

ნატალია ძიძიგური

საკრებულოს კიდევ ერთ წევრს ნერიმან ცინცაძეს, რომელიც ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილეა  შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ მეუღლე, როსტომ ცინცაძე ფლობს 6.67% წილს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამედიცინო ცენტრში”.

ნერიმან ცინცაძე

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს მირდატ ქამადაძეს
2017 წლის 20 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „ჯი ელ ჯის”
40%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს შემოსავლის სახით 33 000 ლარი აქვს მიღებული. ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირს აღნიშნული წილი სხვა პირზე მინდობით არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევაა.
მირდატ ქამადაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 და 2018 წლებში 10 000 ლარი შესწირა.

მირდატ ქამადაძე

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს სოფიო მიქელაძეს  2018 წლის 24 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის რევაზ ვერძაძის სამეწარმეო საქმიანობა. კერძოდ, ვერძაძე ​შპს „ხელმარჯვე ოსტატის” 25%-იანი წილის მფლობელია. 
აღნიშნული გარემოება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
მე-15 მუხლის დარღვევაა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს. 

სოფიო მიქელაძე

ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს ლევან მამინაიშვილს  დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის ლალი ძნელაძის 25%-იანი წილი შპს „ველზი’’-ში, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის დარღვევაა. შპს „ველზი” სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში არ მონაწილეობს.

ლევან მამინაიშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმება კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად მიმართავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას  კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. 

საერთო ჯამში,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მუნიციპალიტეტის 30 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი