მიწად დარეგისტრირებული ზღვის გაყიდვა გადაწყვეტილი არ არის - მინისტრი 

01 ოქტომბერი 2019, 16:17 1986 ნახვა

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი, რამდენიმე დღის წინ, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კანონმდებლობით ზღვის ფსკერის პრივატიზება აკრძალულია და არც ხდება. ნათია თურნავამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქონების სარგებლობაში გადაცემა მიღებული ფორმაა.

''რეგისტრაცია არ ნიშანვს იმას, რომ ეს საკითხი მაინც და მაინც დადებითად გადაწყდება. ჯერ არავის არ გადასცემია. რეგისტრაცია არის ზოგადად მოწესრიგება. ბევრი დაურეგისტრირებელი ქონება გვაქვს, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს. შემდეგ როგორ განვკარგავთ, რა თქმა უნდა კანონის დაცვით, ამაზე უკვე შემდგომში ვიმსჯელებთ'' - ამბობს მინისტრი. 

ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ უკავშირდებოდა პროცესები ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაახლოებულ კომპანიას, რომელსაც რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა სურდა? ნათია თურნავამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს კომპანია საქართველოში ქმნიან ძალიან დიდ დოვლათს, აქედან გამომდინარე არანაირი შეკითხვა აქ არ უნდა გაჩნდეს.

''იმიტომ, რომ ცალსახად დადებითი ეფექტი არის ჩვენ ეკომონიკისთვის. რაც შეხება ამ კონკრეტულ ობიექტს, ის არავისთვის სარგებლობაში გადაცემული არ არის, ის არის მხოლოდ რეგისტრირებული. თუ ჩავთვლით მიზანშეწონილად, ამაზე შემდეგ გაგაგებინებთ'' - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა. 

"ბათუმი რივიერას" პროექტი ბათუმის ისტორიულ კონცხზე, იახტკლუბის გარდა, 5 ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოყვა. 

უკვე თვეებია, პერმანენტული აქციები მიმდინარეობს ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის, რომელშიც შედის რივიერა. სპეციალისტები ტერიტორიას ისტორიული ქალაქის ნაწილად მოიაზრებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი