მუსლიმი თემის უფლებადამცველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და მას გაასაჩივრებენ. იურისტის განმარტებით, სასამართლოს პირველი სტადია მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უნდა დაეკმაყოფილებინა და მერიისთვის ხელახლა გამოსაკვლევად არ უნდა დაებრუნებინა.
''სასამართლოს არსებითად უნდა გადაეწყვიტა დავა და უნდა დაეკმაყოფილებინა პირველი სტადია, რაც მშენებლობის ნებართვას გულისხმობდა. როცა დისკრიმინაცია დგინდება, არსებითაც უნდა გადაწყდეს დავა, ასეთია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა'' - უთხრა ჟურნალისტებს ანზორ ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკა არის და ეს ამ საქმეშიც გამოიკვეთა.
''სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს იყო მერიის კონკრეტულ აქტებთან მიმართებაში და ეს არ უნდა გავიგოთ, თითქოს სისტემურ დისკრიმინაციას აქვს ადგილი, რასაც პრინციპში ჩვენ არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკა არის და ეს ამ საქმეშიც გამოიკვეთა.
ამასთან ერთად სასამართლომ დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს დავა ხელახლა განსახილველად, ანუ მერიამ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე.
ვფიქრობთ, რომ ეს სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, იმ კუთხით, რომ უზენაეს სასამართლოს ნათქვამი აქვს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში: როდესაც დისკრიმინაცია დგინდება ადმინისტრაციისთვის საქმის ხელახლა დაბრუნება არ არის მართებული'' - განაცხადა იურისტმა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.