რატომ დგას მუსლიმების უფლებების საკითხი, თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ? - ტარიელ ნაკაიძე ხაზარაძეს

18 სექტემბერი 2019, 09:41 2358 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, სადაც ის ''ქართული ოცნების'' ლიდერის, გია ვოლსკის და საზოგადოებრივი მოძრაობა ''ლელოს'' დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ორივე პოლიტიკოსის განცხადებაში მეჩეთის საკითხის მნიშვნელობის არაღიარების და პოლიტიზირების ნიშნები ჩანს, რაც სამწუხაროა. ფიქრობს, რომ საჯარო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადამიანებს არ ყოფნით ხედვა, ცოდნა და მგრძნობელობა გაიაზრონ მუსლიმი თემის ისტორიული საჭიროება და მას სათანადო პასუხისმგებლობით უპასუხონ.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ხაზარაძის კომენტარში მთავარი პოლიტიკური შეცდომა დაინახა. მისი თქმით,  საქართველოს მოქალაქეების საკითხის სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის კონტექსტში დანახვა არასწორი იყო.

''ეს ჩვენი თემის თურქეთთან გაუმართლებელი დაკავშირების და ნაცვალგების კიდევ ერთი მაგალითია. რატომ დგას ჩვენი, ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხი თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ? რა ისტორიული ან სამართლებრივი კავშირი არსებობს ამ დაკავშირებაში? სამწუხაროა, რომ ბატონი ხაზარაძე, რომელიც თითქოსდა პროგრესული იდეებით შემოდის პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ტიპის არადემოკრატიულ განცხადებებს აკეთებს და ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტების გამოყენებას ცდილობს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორი დღის წინ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე საუბრისას, თურქეთში არსებული ქართული ეკლესიების ბედი გაიხსენა. 

''მეჩეთის მშენებლობაზე არ ვიცი დეტალები, გავეცნობი აუცილებლად. იცით როგორ ვუყურებ ამას? ჩვენი ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია?'' - იკითხა ''ლელოს'' დამფუძნებელმა. 

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მმართველი გუნდის დეპუტატს კითხვით მიმართავს: რატომ სჭირდება უმცირესობების უფლებების აღიარებას უმრავლესობის თანხმობა?

''საკუთარ განცხადებაში ბატონი გია ვოლსკი საზოგადოებრივი კონსენსუსის აუცილებლობაზე უთითებს. ცხადია, ჩვენ გვესმის საზოგადოებრივი შეთანხმების და სოლიდარობის მნიშვნელობის, მაგრამ ჩემი მთავარი კითხვა სხვაა: რატომ სჭირდება უმცირესობების უფლებების აღიარებას უმრავლესობის თანხმობა? ნუთუ ეს მიდგომა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია და ამას ადგენს კონსტიტუცია?! ანდა რას აკეთებს მთავრობა ამ კონსენსუსის მისაღწევად, როცა მისი წარმომადგენლები რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო მარტივი განცხადებების გაკეთებასაც ვერ ბედავენ?'' - ვკითხულობთ წერილში. 

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, გია ვოლსკს და მამუკა ხაზარაძეს კონსულტაციებს სთავაზობს და შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს. 

''თუ აქვთ ინტერესი ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე რეალობა უკეთესად გაიგონ, შეგვხვდნენ ქართველი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს და მიიღონ ობიექტური ინფორმაცია პროცესის შესახებ. 

ამასთან იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის შემდგომი პოლიტიზირების რიტორიკას პარტიები არ გამოიყენებენ და ბაზისური დემოკრატიული პრინციპების ერთგულები დარჩებიან'' - ამბობს ნაკაიძე. 

მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს.

დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარისთქმაა. მოსარცელე მხარე მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი