ოსურმა მხარემ ჩაშალა შეხვედრა, მათ მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს - სუსი

29 აგვისტო 2019, 17:06 1938 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა ჩაიშალა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განუცხადა ჟურნალისტებს. 

შეხვედრაზე განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტში, გუგუტიანთკარში უკანონო ბიორდერიზაციის ფაქტები. ასევე, 28 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტი. 

ქართული მხარე ამბობს, რომ სოფელ ჩორჩანაში  ბლოკპოსტის მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს და  ნებისმიერი მშენებლობა ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ირაკლი ანთაძის განცხადებით,  ნებისმიერი ულტიმატუმი თუ სად უნდა განალაგოს საქართველომ პოლიციური პოსტი საოკუპაციო რეჟიმის  მხრიდან, არის ცინიზმი და პროვოკაცია. 

''შეხვედრაზე 10 საკითხი უნდა გაგვეხილა და გვემსჯელა ყველა იმ ინციდენტზე, რაც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა და რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოებას. 

შეხვედრაზე მწვავედ უნდა დაგვეყენებია გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, როდესაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში და ეზოებში ხელოვნური ბარიერები აღუმართეს. ასევე პერევში, საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ძირძველი ქართველი მოსახლეობის სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. 

შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყო, კერძოდ კი სოფელ ჩორჩანაში განხორციელებული პროვოკაციული ქმედებებზე საუბრით. 

საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს. რამდენჯერმე გაახმოვანეს ულტიმატუმი და ინციდენტების პრევენციისა და მასზე ზემოქმედების ფორმატის ფუნქციონირება დაემუქრნენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. 

ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცალსახად იქნება აღნიშნული, რომ აიპიარემი არ გახლავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ის ფორმატი, სადაც ულტიმატუმის ენით საუბარი მისაღებია და ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს დიალოგის გზით. 

სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების შეთავაზებები არ გაიზიარეს და შეხვედრა ისევ ჩაშალეს'' - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში