საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. 27 აგვისტოს გამვლელმა მოზარდს დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოგვიანებით კი, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.
ომბუდსმენი წერს, რომ მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, პირის ფსიქიკური მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. მანამდე კი ამ საკითხზე აპელირება სტიგმას აძლიერებს.
''საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს.
საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.
სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას'' - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. მოქალაქეებს კი სთხოვს, საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.
სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევის შესწავლასაც გეგმავს.