სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გადაწყვიტა, შეისწავლოს რამდენად კანონიერად იწერს ტექნიკის მაღაზია iPlus მოქალაქეების საუბარს.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ბავშვის დაჭრის ფაქტია ასახული.
მასალა კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე 27 აგვისტოს, 22:02 საათზე გავრცელდა.
სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.
''ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.
კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.