რუსთავი2-ის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღება ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა ვითარებამ აიძულა - ამის შესახებ ბრიფინგზე პაატა სალიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, 2015 წლის შემდეგ კომპანიის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, ხოლო ხარჯები გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდიდან მიმდინარეობს ქიბარ ხალვაშის სასამართლო დავა ტელეკომპანიის წილებისთვის.
"ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი დირექტორის (ნიკა გვარამია) მიზანმიმართულმა ქმედებებმა მიიყვანა კომპანია მძიმე მდგომარეობამდე, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და დასკვნები. საბოლოო პოზიცია გვექნება აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდეგ. 20 დღეა ვეცნობი კომპანიაში შექმნილ ვითარებას და გამოვლინდა ის, რომ კომპანიის საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულ ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი," - განაცხადა რუსთავი 2 გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.
სალიას თქმით, ძალიან დიდი ოდენობით ვალები აქვს კომპანიას და ვალების გადახდის ვადა მოსულია.
"პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები და მეილები, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას. უმოკლეს ვადაში თუ არ მოხდება ამ დავალიანებების გადახდა, ისინი მიმართავენ სასამართლოს. ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის, ვცდილობთ დავარეგულიროთ არსებული ვითარება" - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
ახალი მენეჯმენტი ამბობს, რომ კომპანია ამ ფინანსური მდგომარეობით გაკოტრების რეჟიმში უნდა იყოს, თუმცა შეგნებულად არ დგამენ ამ ნაბიჯს, ეს ასე არ მოხდება და რუსთავი ორი არასდროს არ გაკოტრდება.
"მუსირებს აზრი, რომ რუსთავი2 ფინანსური მდგომარეობა გამოიწვია იმ ყადაღამ რომელიც 2015 წელს გამოიყენა სასამართლომ, თუმცა ყადაღის შედეგად მიღებული ზიანის დასაბუთება, მათ ამ დრომდე არ მოუსმენიათ - ამბობს პაატა სალია.
რუსთავი2 ახალი მენეჯმენტში თვლიან, რომ ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად გააკოტრა ტელეკომპანია და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
სალიამ ისაუბრა 200 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის სანაცვლოდ, კურიერის სრული არქივის გასხვისების შესახებ, რაც მისი შეფასებით კომპანიისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ასევე, სალიამ ისაუბრა ხელშეკრულებაზე, სადაც დიდი ოდენობის თანხაა გადახდილი კვლევაში, თუმცა მისი მტკიცებით კომპანიას კვლევების შედეგები არ მიუღია.
პაატა სალია სასამართლოზე მიმართვას გეგმას, სადაც ნიკა გვარამიას კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების გამო უჩივლებს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.