კონფლიქტმა ზიანი მიაყენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანურ ურთიერთობებს - სახალხო დამცველი

08 აგვისტო 2019, 10:33 1552 ნახვა

"იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა
მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის
ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018
წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხული იქბა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე
სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება"-საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური,
ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ასევე,
ადამიანურ ურთიერთობებს.

"მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა პირდაპირი
ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ
სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. უკანონო
დაკავებები, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე სამხედრო წვრთნები, სასმელი და სარწყავი
წყლის პრობლემა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო სამეურნეო მიწები
და ამით გამოწვეული სიღარიბე, ეს პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია რომელთან
გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ადგილობრივებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები.
აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018
წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობები.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო
რეჟიმების წარმომადგენლები არიან.

წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს დაიწყონ შინაარსობრივი
და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის
სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების
დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების
შესაცვლელად"-ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი