ვინ მიიღო სატვირთო ლიფტის ჩართვის გადაწყვეტილება კომპანიის იურისტისთვის უცნობია 

29 ივლისი 2019, 14:04 2096 ნახვა

დღეს ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა. 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე წუთის წინ, პირველი კომენტარი გააკეთა მშენებელი კორპუსის იურისტმა. ''გრანდ სითის''  წარმომადგენელი ამბობს, რომ ლიფტი დღეს პირველად ჩაირთო, თუმცა კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება უცნობია. 

მერაბ დიმიტრაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ლიფტი არ უნდა ჩაერთოთ, რადგან კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის და სატვირთო ლიფტით სარგებლობის ნებართვაც არ ჰქონდათ. 

''კონკრეტულად ვინ მიიღო ლიფტით სარგებლობის გადაწყვეტილება არ ვიცი, ეს ჩვენი თანამშრომელი იყო თუ კერძო მენაშენე. აქ ბინების ნაწილი გაყიდულია და მოქალაქეები რემონტს აკეთებენ. ამიტომ გამოძიება დაადგენს რატომ მოხდა ფაქტი'' - ამბობს იურისტი. 

კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისთვის  სატვირთო ლიფტის მოწყობაზე ნებართვის ასაღებად არ მიუმართავს. 

ეს პირველი კორპუსია, რომელსაც აღნიშნული თურქული კომპანია ბათუმში აშენებს. 

''გრანდ სითის'' წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტზე დაშავებულებს ფინანსურად დაეხმარებიან და ასევე ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. 

ლიფტი მეექვსე სართულიდან ჩავარდა. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი