გადავწყვიტე გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია - ნიკა გვარამია

26 ივლისი 2019, 09:13 2652 ნახვა

''რუსთავი 2'-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ პარტნიორებთან ერთად ახალი ტელევიზიის შექმნა გადაწყვიტა.

ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა.

''მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბევრ ფიქრს მოყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან.

გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი.

ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ'' - წერს გვარამია. 

ახალი ტელევიზიის დასახმარებლად მალე საჯარო კამპანია დაიწყება - ამბობს გვარამია და ფინანსური რესურსის მოსაზიდად მოქალაქეებს მიმართავს.

''თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის :) ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი...

გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ''... - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელევიზიიდან, სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ გაუშვეს.. ის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი