მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

24 ივლისი 2019, 12:05 2227 ნახვა

თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

ისინი დღეს პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.  

''2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე'' - წერია განცხადებაში. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობდა. გამოძიების ინფორმაციით, ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. საქმეში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

TBC-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი