ნაციონალური მოძრაობა ტურიზმის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს. სპეციალურ ბრიფინგზე მათ ტურიზმის განვითარების საკუთარი 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინეს.
1. განხორციელდეს სარეკლამო კამპანია იმ ქვეყნებში სადაც ბათუმს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს, აღნიშნული ქვეყნების დიდი ქალაქებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები, მგზავრობის სუბსიდირებით;
2. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფერენციები, ტრენინგები და სხვა შეხვედრები ჩაატაროს აჭარაში, ასევე შესწავლილი იქნას სამიზნე ქვეყნების მაისტურიზმის ბაზრები და მომზადდეს სპეციალური პაკეტი რომელიც შეთავაზებული იქნება ამ სფეროში მომუშავე ოპერატორებისათვის;
3. ტურისტულ სააგენტოებთან და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს მესაკუთრეებთან ერთად შეიქმნას სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება სამიზნე ქვეყნების ტუროპერატორებზე;
4. დაიგეგმოს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტები ბათუმში, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპორტული შეკრებები და ღონისძიებები გაიმართოს აჭარაში;
5. მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად დაუყოვენებლივ დაიწყოს ტურიზმის განვითარების რეგიონული სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას, რათა შემცირდეს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება;
,,ხელისუფლებამ ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაზარდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც რისკებს შეიცავდა, უფრო მეტიც როდესაც შეწყდა ავიაფრენები ნაცვლად იმისა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე ემუშავათ ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტი ფაქტიურად დაკავდა რუსული პროპაგანდით, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა რუსეთისა. თუმცა ჩვენ გვაქვს გამოცდილება როცა 2012 წლამდე არ ვიყავით რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და ტურიზმი უფრო სწრაფად ვითარდებოდა"-ამბობენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ზემოთხსენებული 5 პუნქტიანი გეგმა უახლოეს თვეებში უნდა განხორციელდეს. ისინი ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნისაკენ მოუწოდებენ.