მოქალაქის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

22 ივლისი 2019, 13:56 2317 ნახვა

მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს 15-15, ხოლო კიდევ ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის ოთხი წევრი დამნაშავედ ცნო. 

განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით,  აღნიშნულმა პირებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მისაღებად, 2018 წლის 11 ოქტომბერს, ბიზნესმენის შვილი სპეციალურად ნაქირავებ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.

მოგვიანებით  ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მძევლად აყვანილი გ.დ. წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე სახლში გადაიყვანეს, სადაც ხელბორკილით  დააბეს საწოლზე, აუკრძალეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, გატაცებულის მამას შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ  3 000 000  ლარს სთხოვდნენ. 

სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს მძევლად აყვანილი პირი გაათავისუფლეს, ჯგუფის წევრები კი დააკავეს. 

''თბილისის საქალაქო სასამართლომ  მ.ე., თ.კ., მ.მ. და გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ე.-ს და თ.კ.-ს 15-15 წლით, მ.მ.-ს - 14 წლით, ხოლო გ.ჩ.-ს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ'' - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში