"საქართველოში მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზეიმო ვითარებაში"- საქართველოს რაგბის კავშირი

20 ივლისი 2019, 14:12 2269 ნახვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი რუსეთის რაგბის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანაძე ამბობს, რომ ისინი უკვე ეძებენ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს, იმისათვის, რომ 27 აგვისტოს თამაში შედგეს. 

„სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი. ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზეიმო ვითარებაში. ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში"-წერს გოჩა სვანაძე.

რაგბის კავშირში ამბობენ, რომ გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.

გუშინ, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად რუსულმა მხარემ საქართველოში შექმნილი ვითარება დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი