რა გააყალბა პუტინმა და რა ხდებოდა რეალურად - ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის ფაქტები

10 ივლისი 2019, 13:45 3876 ნახვა

პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველომ "აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა" და "ოსეთში გენოციდი დაიწყო". აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარი ვერსია რუსეთის პრეზიდენტი, ჟურნალისტებს გუშინ მოუყვა. 

განცხადებებს მალევე მოყვა გამოხმაურებებიც. პუტინის მოყოლილ ისტორიას ისტორიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. 

''პუტინის ,,გულმოწყალების" პოლიტიკურ კონტექსტზე უკვე ბევრი დაიწერა და რა შეიძლება ითქვას მისეულ საქართველოს ისტორიაზე? 

ერთ პატარა კომენტარში მან მოახერხა ცარისტული, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიის, მეცნიერულად არასერიოზული, მაგრამ პროპაგანდისტული ნაწილის ერთად გადმოცემა. ისტორიოგრაფიის ეს ნაწილი არასერიოზულია იმდენად რამდენადაც ფაქტებს საერთოდ ცვლის ან ამახინჯებს, მაგრამ ამავდროულად საშიშია, რადგანაც იარაღს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ხელში. 

ძალიან მოკლედ თუ რა დაამახინჯა პუტინმა

1. სამხრეთ ოსეთი 1774 წელს შევიდა რუსეთის შემადგნელობაშიო. სამხრეთ ოსეთი მაგ დროს უბრალოდ არ არსებობდა და რასაც ახლა სამხრეთ ოსეთს ეძახიან ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო . ეს ტერიტორია კი რუსეთის მიერ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.

2.აფხაზეთის სამთავრო მართლაც 1810 წელს შეუერთდა რუსეთს, უფრო სწორად ფორმალური ვასალი გახდა. მანამდე კი მე-15 საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგე სამთავრო ჯერ იმერეთის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო მცირე ხანს, ხოლო შემდეგ კი ოსმალეთის ვასალი იყო, მაგრამ არ არის სიმართლე თითქოს 1918 წელს ადავიპყარით აფხაზეთი, მითუმეტეს გერმანელთა დახმარებით. სინამდვილეში საქართველოს და აფხაზეთის გაერთიანება მოხდა 1918 წლის 11 ივლისი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს ხელშეკრულებით. სწორედ აფხაზეთის სახალხო საბჭოს თხოვნით იდგა ქართული ჯარი მანამდეც და მერეც აფხაზეთში, რომელიც ჯერ ბოლშევიკებს ხოლო შემდეგ კი დენიკინს ებრძოდა. აფხაზეთში ჩატარდა საართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, 1920 წლის 7 მაისს თავად რუსეთმაც აღიარა აფხაზეთი საქართველოს ნაწილად, ეს ყველაფერი დაფიქსირდა 1921 წლის კონსტიტუციაში და აფხაზეთს ავტონომია მიეცა. 

3. 1918-1920 წლებში ოსეთში ქართველებმა ფაქტობრივად გენოციდი მოაწყვესო. რა ხდებოდა სინამდვილეში? ბოლშევიკებური აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ ჩაბმულნი , დადასტურებულია მათი კოორდინაცია საბჭოთა რუსეთთან. სახელმწიფომ რამდენჯერმე ჩაახშო ეს აჯანყება, ბოლოს ცოტა მკაცრად, მაგრამ ეს სიმკაცრე იმის ერთ პროცენტს არ წარმოადგენდა როგორც ახშობდნენ აჯანყებებს და სხვადასხვა ტიპის გამოსვლებს თავად ბოლშევიკები რუსეთში.

4. 1921 წელს შექმნილ აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკას რაც შეეხება, ეს იყო საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ერთეული, რომელიც მოსკოვმა როგორც გამოყო ცალკე 1921 წელს (მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, ბევრ საკითხში მაინც თბილისს ექვემდებარებოდა). ისევე გააუქმა 1936 წელს. რაც შეეხება 30-იანი წლების პერიოდის რეპრესიებს აფხაზეთში, ამას ისევე საბჭოთა სახელმწიფო ანხორციელებდა და ვერ ვიტყვით, რომ ან აფხაზს ინდობდა და ან ქართველს. სამაგიეროდ პუტინი არაფერს არ ამბობს მეცხრამეტე საუკუნის მუჰაჯირობის იძულებით ტალღებზე, რომელმაც გაანახევრა აფხაზების რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 
90-იანი წლების და 2008 წლის ამბებს აღარ გავაგრძელებ, ყველაფერმა ჩვენ თვალწინ ჩაიარა და ისტორიის დიდ ცოდნას არ საჭიროებს მისი გაანალიზება'' - წერს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი