სახალხო დამცველის აპარატმა აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო - იქმნება საკონსულტაციო საბჭო

02 ივლისი 2019, 11:23 788 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატმა, 20-21 ივნისის აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების, სავარაუდო, გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით საკონსულტაციო საბჭო იქმნება. საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები იქნებიან.

''20-21 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია და მას სახალხო დამცველის აპარატის წინარე გამოცდილებასთან მსგავსება არ აქვს. გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია.მიუხედავად ამ მიმართებით შესაბამისი გამოცდილების არ ქონისა, სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად შეაფასოს და მიმდინარე რეჟიმში და საბოლოოდ მიაწოდოს რეკომენდაციები სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

სახალხო დამცველის აპარატი, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციას. მით უფრო, აპარატი ვერ შეასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს. სახალხო დამცველის აპარატის როლი საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობით ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობის შეფასება იქნება და ამ კუთხით შესაბამის რეკომენდაციებს წარვუდგენთ საქმის ზედამხედველ პროკურორებს'' - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას მოუწოდებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიაწოდონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში