ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოების კამპანია "დაისვენე საქართველოში"

25 ივნისი 2019, 16:41 2322 ნახვა

ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და ამერიკის მოქალაქეებს ზაფხულის გატარებას საქართველოში ურჩევს. პოსტს თან ახლავს, საელჩოს თანამშრომლის - ერინ ჯარეტის ფოტო და პოსტი, სადაც აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოს შესახებ უამბობს.

"ამ ქვეყანამ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული. ყველა ჩემს მეგობარსა და ახლობელს მოვუწოდე რომ #გაეტარებინათ თავიანთი ზაფხული საქართველოში - და ისინი უკვე აქ არიან! ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი და ვიზიტორი მივიღეთ, ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში. საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას,"- წერს ამერიკელი დიპლომატი. კიდევ ერთი პოსტი ​

Twitter-ზე ბრიტანეთის ელჩმა დაწერა. ელჩმა საქართველოში გადაღებული საყვარელი ფოტოები გააზიარა და მოქალაქეებს საქართველოში დასვენება ურჩია. These are a few of my favourite things. #VisitGeorgia #WorldWelcomeToGeorgia #SpendSummerInGeorgia

რუსეთის პრეზიდენტმა, 21 ივნისს, ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსეთის ხელისუფლება არწმუნებს მის მოქალაქეებს, რომ საქართველოში უსაფრთხოდ არ არიან და ქვეყანაში ანტირუსული კამპანია მიმდინარეობს.

პარალელურად ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. შესაბამის უწყებებს კი საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

პოლიტიკოსების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ მომდინარეობს უსაფრთხოებიდან, არამედ ერთგვარად საქართველოს დასჯის სურვილს ეფუძნება, რადგან "ტურისტული ემბარგოს" გარდა, შეზღუდვები დაწესდა ღვინოს შეტანაზე ფედერაციაში.

საქართველოსა მოქალაქეებმა, ხელოვანებმა, სპორტსმენებმა და ქვეყნის მეგობარმა ქვეყნებმა, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად და სეზონის "გადასარჩენად", კამპანია #VisitGeorgia წამოიწყეს.

კამპანიაში მანამდე ჩაერთო ლიეტუა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში