სეზონისთვის რუსეთის გადაწყვეტილება იყო შოკი - მინისტრი მცირე ბიზნესმენებს ხვდება 

25 ივნისი 2019, 13:38 1674 ნახვა

აქ ყველა ქვეყნის ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს ველოდებით - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ბათუმში იმყოფება და მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.  

"შევხვდით მცირე სასტუმროების მფლობელებს, მათი გასაჭირი მოვისმინეთ. ხვალ კი კომერციულ ბანკებს შევხვდებით. ჩვენი ამოცანაა ზუსტად მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია და მორგებული გეგმა წარვუდგინოთ ბიზნესს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ მცირე სექტორს გვერდში ამოუდგეს. ეს სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე და მე არ ვცდილობ, რომ შევალამაზო. ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შოკი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ.

ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რუსი ტურისტების ანუ ტრადიციული ბაზრებიც შენარჩუნებაზე. საქართველო არის უსაფრთხო ადგილი ტურისტებისთვის და უსაფრთხო ქვეყანად ვართ მიჩნეული მსოფლიოში. ჩვენ აქ ყველა ქვეყნის ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს ველოდებით. პირველ რიგში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილი და შემდეგ ფინანსურ და ორგანიზაციული საკითხები მოგვარდება",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

განცხადება მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი