ბრაზი და პროტესტი არსად არ წასულა, წავალ აქციაზე და შევუერთდები - ირაკლი ხვადაგიანი

23 ივნისი 2019, 22:43 2270 ნახვა

"სოვლაბის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო.

"მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს" - უთხრა ხვადაგიანმა მურუსიძეს.

ის წაყენებულ ბრალში მოსამართლემ დამნაშავედ სცნო, მისთვის სამდღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ.  ვადა 24 ივნისის დილის 2 საათზე გადიოდა, იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

''არანაირი სიახლოვე არ აქვს ამ გადაწყვეტილებას სამართლიანობასთან. ვხედავთ მექანიკურ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან, სადამსჯელო ზომებს, არ აღიარებას იმისას რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. 

7 საათიდან მიტინგზე ვიყავი, დარბევის დროს ვიხევდით უკან, მაგრამ არ გვინდოდა შეგვეწყვიტა პრიტესტი. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ვიყავით, სადაც დაიწყეს ცემა და დაპატიმრება. ერთ-ერთი მე და ჩემი ძმა ვიყავით, დაკავებისას რამდენიმე პოლიციელმა გვცემა. მე პირადად სახეში ხელკეტი მომხვდა. ჩემს ძმას გაცილებით მეტი დაზიანება აქვს, უბრალოდ არა სახეში. საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის შემდეგ მოპყრობა იყო ჩვეულებრივად კორექტული.

''ბრაზი და პროტესტი არსად არ წასულა, თავისთავად წავალ აქციაზე და შევუერთდები'' - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ხვადაგიანმა. 

მან 20 ივნისის ღამის მოვლენები გაიხსენა. 

ხვადაგიანი აქციის დაშლის დროს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ხვადაგიანს თვალის არეში დაზიანებები დღესაც აღენიშნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში