თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საქართველოშიც იმატა

20 ივნისი 2019, 10:37 1727 ნახვა

ბოლო წლებში, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საქართველოშიც იმატა. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან.

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციაა.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ხარვეზები მაინც არის.

''გასული წლების დადებით ნაბიჯია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისი კანონქვემდებარე აქტების პაკეტის შემუშავება და მიღება. თუმცა, მონიტორინგისა და შესწავლის შედეგად პრაქტიკაში გამოვლენილ გარკვეულ ხარვეზები. მათ შორის, კვლავ აქტუალურია სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით თავშესაფრის მაძიებლისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა – კონკრეტული საფუძველის მითითების გარეშე; სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა.

ცალკეულ შემთხვევებში პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სასაზღვრო-გამტარი პუნქტებიდან კონკრეტული საფუძვლის მითითების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლაზე უარის თქმა, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ცალკეული პრობლემები გამოვლინდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხოელთა შეყოვნების პირობებთან დაკავშირებით. ასევე გამოწვევას წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია'' - აცხადებს ომბუდსმენი.  

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, მათ შორის – 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უცხო ქვეყნებში.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 2000 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი