ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აფეთქებას მალევე ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მალევე განხორციელდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები,'' -აცხადებენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში.
მათივე თქმით, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხანძრის 30-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.