გურული მხედარი მანჰეტენის მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე

14 ივნისი 2019, 11:38 3000 ნახვა

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. ფრესკა  მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე, მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო.

ირაკლი მახარძე, ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 20 წელია იკვლევს და ამ თემაზე უამრავი დოკუმენტური მასალა მოიძია. მკვლევარი ამბობს, რომ გურულ მოჯირითეებზე, დასავლეთმა და ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენილი გურულების დიდი ნაწილი, თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი. 

 

გურული მოჯირითეები აშშ-ში 1893 წელს ჩავიდნენ. "რუსი კაზაკების" სახელით და 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილის წარმოდგენებში, ცირკებისა და შოუების არენებზე.

ისტორიულ წყაროებში, ე.წ. “რუსი კაზაკების,” იგივე ქართველი მხედრების შესახებ უამრავი დოკუმენტია შემონახული. მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკელებს ქართველი მხედრების სახელების გამოთქმა უჭირდათ, ამიტომ ისინი სანახაობებში, ძირითადად, გამოგონილი სახელებით მონაწილეობდნენ.

ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია. პროექტი ემიგრანტების თავშეყრის ადგილზე - “ელის ალიენდიზე” განთავსებულ იმიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით განხორციელდა.

“ელის აილენდი” ეს არის კუნძული, რომლის გავლითაც 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა ამერიკაში. ელისის კუნძულზე საიმიგრაციო სამსახური 1892 წელს გაიხსნა და 62 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ, 5 000 იმიგრანტს იღებდა. მათ შორის იყვნენ ქართველი იმიგრანტებიც. 

მასალა მომზადებულია  - "ამერიკის ხმა"-ზე დაყრდნობით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი