"ეს არა რეალური სამსახური, ეს მათი შენახვის წყაროა" - საია მერიის აიპებში დასაქმებულებზე

05 ივნისი 2019, 18:48 1680 ნახვა

თვითმმართველობის მიერ დაარსებულ ორგანიზაციებში კორუფციის და არაფორმალური დასაქმების რისკი მაღალია - ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საიას ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, საჭიროა გარკვეული კონტროლის მექანიზმი, რადგან აიპებსა და შპს-ებში დასაქმებული იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა და არა იმდენი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

''როდესაც საუბარია თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მოქალაქეების დასაქმებაზე, რომელიც შემდეგ სამსახურში არ დადიან, საქმე გვაქვს მინიმუმ ორ პრობლემასთან: ერთი ის რომ, ამ ადამიანების დასაქმების საჭიროება არ არსებობს და მოშლილია კონტროლის სისტემა. მეორე - მათი დასაქმება სხვა ტიპის მიზნებს ემსახურება. ეს არა რეალური სამსახური, არამედ მათი შენახვის წყაროა. დასაქმებული ადამიანები სამუშაო საათებში ვალდებულნი არიან სამსახურში გამოცხადდნენ'' - ამბობს სულხან სალაძე.

საია-ს თავმჯდომარე თვითმმართველობის მიერ დაარსებულ ორგანიზაციებში არსებულ სხვა რისკებზეც საუბრობს, გამოყოფს კორუფციას.  

"არაკომერციული იურიდიული პირები,  ისევე როგორც კომერციული იურიდიული პირები, რომლებიც ფუძნდება თვითმმართველობის მიერ არის ერთ- ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი. ის წარმოადგენს ერთ -ერთ ყველაზე კარგ წყაროს, ზოგადად არჩევნებისთვის გარკვეულ ტიპის ხმების მობილიზებისთვის. მათი საქმიანობის გამჭვირვალობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება, ანგარიშგება და ინფორმაციის წარდგენა არის საკმაოდ დაბალი,'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სულხან სალაძემ.

საიას ხელმძღვანელს კომენტარი, ქობულეთის ''სანდასუფთავების'' სამსახურში ფიქტიური დასაქმების საკითხზე ვთხოვეთ. გუშინ, 4 ივნისს,  ტვ25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15-მდე თანამშრომელი ხელფასს იღებს, სამსახურში კი არ დადის. 

დღეს კი ქობულეთის მერმა, სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი