''სანდასუფთავების'' სამსახურის უფროსი, ქობულეთის მერმა მედიასთან ცუდი ტონის გამო გაათავისუფლა

05 ივნისი 2019, 15:07 4251 ნახვა

ქობულეთს მერმა მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სპეციალურ ბრიფინგი გამართა ტვ-25-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო და განაცხადა, რომ თანამდებობიდან უშვებს "სანდასუფთავების სამსახურის" უფროსს, ოღონდ არა ნეპოტიზმის ან სავარაუდოდ, ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტულად ურთიერთობის გამო.

''ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა საჯარო მოხელე და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა ფლობდეს მედიასთან ურთიერთობის კორექტულ ენას'' - უთხრა ჟურნალისტებს მერმა.

მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ის აპირებდა სამსახურის უფროსის მიმართ, მხოლოდ დისციპლინარული სასჯელი გამოეყენებინა, თუმცა სულიკო ბლადაძემ თავად შესთავაზა სამსახურიდან წასვლა.  

''მის მიერ იქნა შემოთავაზებული ინიციატივა, რომ დატოვებდა ''სანდასუფთავების'' სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს მოსაზრება გუნდმა გაიზიარა. გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებით მოხდა. სულიკო ბლადაძე დროებით გათავისუფლდა. შესაბამისად შიდა აუდიტის სამსახური მუშაობს ორგანიზაციაში, მალე იქნება დასკვნა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საინტერესოა. გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა'' - თქვა ბრიფინგზე მერმა. 

მირიან ქათამაძე, კატეგორიულად გამორიცხავს მის უწყებაში 15-მდე ფიქტიურად დასაქმებული ადამიანების არსებობას, ამბობს რომ მისთვის არადამაჯერებელია სიუჟეტში გასული სანდასუფთავების თანამშრომლების პოზიციები. ამტკიცებს, რომ გასული წლის აუდიტის დასკვნებშიც,  რაიმე ტიპის დარღვევები ამ მიმართულებით, არ დაფიქსირებულა. 

''აქვე მინდა დავამატო, ფიქტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დასკვნას და მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს მცდარი ინფორმაციაა. კითხვით ნიშნები არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერვიუში მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი არ არის. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ნაწილი თანამშრომლებისა არის შვებულებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ გაჩნდა ეჭვის მაღალი საფუძველი ჩემს მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული დირექტორის გათავისუფლების. შესწავლილი იქნება ყველა დეტალი. მინდა მადლობა ვუთხრა მას, რომ აღნიშნული სამსახური, პრობლემების მიუხედავად ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო,'' - თქვა მერმა ბრიფინგზე. 

''ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და თანამშრომლებს ხელფასს სამსახურში მისვლის გარეშე უხდიან - ინფორმაცია „ტვ 25“-მა გუშინ, 4 ივნისს გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია, ორგანიზაციაში დასაქმებულმა მიაწოდა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ძმამ, ირაკლი რომანაძემ  "ქობულეთის სანდასუფთავებაში" მეეზოვედ მუშაობა ​​ერთი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ის სამსახურში, თანამშრომლების ინფორმაციით არ დადიოდა.

ის, რომ მეეზოვედ არასოდეს უმუშავია თავად ირაკლი რომანაძეც ადასტურებს, ტვ-25 ინტერვიუში აცხადებს, რომ არ ახსოვს რა პოზიციაზე დანიშნული და ამტკიცებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შვებულებაში  იმყოფება.   

კიდევ ორი ადამიანი, რომელიც მედიასაშუალების ინფორმაციით სამსახურში არ ცხადდება, თუმცა ხელფასს იღებენ, "ქობულეთის სანდასუფთავების"  უფროსის ძმა და ცოლის ძმა არიან. საშუალო, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარია. 

სულიკო ბლადაძეს უკვირს კითხვები, რომელიც ნეპოტიზმს უკავშირდება და მედიასაშუალებას პირდაპირ ეუბნება, რომ მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან თავისუფალი ადგილები იპოვა:

''რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რააა ამაში ცუდი,'' - ამბობს სულიკო ბლადაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში