"დავნიშნე ჩემი ცოლის ძმა, შენსას ხომ არ დავნიშნავდი?" - ქობულეთის მერიაში სავარაუდო ნეპოტიზმი

05 ივნისი 2019, 13:36 9567 ნახვა

''ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და თანამშრომლებს ხელფასს სამსახურში მისვლის გარეშე უხდიან - ინფორმაცია „ტვ 25“-მა გუშინ, 4 ივნისს გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია, ორგანიზაციაში დასაქმებულმა მიაწოდა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ძმამ, ირაკლი რომანაძემ  "ქობულეთის სანდასუფთავებაში" მეეზოვედ მუშაობა ​​ერთი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ის სამსახურში, თანამშრომლების ინფორმაციით არ დადიოდა.

ის, რომ მეეზოვედ არასოდეს უმუშავია თავად ირაკლი რომანაძეც ადასტურებს, ტვ-25 ინტერვიუში აცხადებს, რომ არ ახსოვს რა პოზიციაზე დანიშნული და ამტკიცებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შვებულებაში  იმყოფება.   

კიდევ ორი ადამიანი, რომელიც მედიასაშუალების ინფორმაციით სამსახურში არ ცხადდება, თუმცა ხელფასს იღებენ, "ქობულეთის სანდასუფთავების"  უფროსის ძმა და ცოლის ძმა არიან. საშუალო, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარია. 

სულიკო ბლადაძეს უკვირს კითხვები, რომელიც ნეპოტიზმს უკავშირდება და მედიასაშუალებას პირდაპირ ეუბნება, რომ მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან თავისუფალი ადგილები იპოვა:

 

''რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რააა ამაში ცუდი,'' - ამბობს სულიკო ბლადაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ფაქტის შესახებ იციან. როგორ პრესამსახურში ამბობენ, რომ საკითხზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.  უფრო მეტ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოგვაწვდიან.

დღეს, 14:00 წუთზე კი, ქობულეთის მერიაში სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა. სავარაუდოდ, საკითხი ამ თემას უკავშირდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში