ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულება მიზანმიმართულად კოტრდება. მედიკოსების განცხადებით, ამის საფუძველს აძლევთ, ის რომ არჩეული ახალი დირექტორის ნანა შერვაშიძის საჯარო რეესტრში დირექტორად დარეგისტირების პროცესს მიზანმიმართულად ხელს უშლის, ყოფილი დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის პირადი ადვოკატი.
ექიმების მტკიცებით, იგი სასამართლო წესით კრების ოქმის გაუქმებას ითხოვს. მედიკოსები აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების ფუქნციონირება შეფერხებულია, თანამშრომლებს ხელფასები არ მიუღიათ და ვარაუდობენ, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რომლის მიზანიც სამშობიარო სახლის ფუნქციონირების შეჩერება და შენობის გასხვისებაა. განცხადების ავტორები შესაბამის უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მრავალპროფილიანი ბათუმის სამშობიარო სახლის პარტნიორების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დირექტორის არჩევნები არალეგიტიმურია და ის კონკრეტულმა ჯგუფმა თვითნებურად ჩაატარა.
სიმონ ასათიანი ამბობს, რომ ის არ იცავს ჯუმბერ უნგიაძის ინეტერსებს და იგი რამდენიმე მეწილის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს სასამართლოში, რომლითაც ჯუმბერ უნგიაძის ნაცვლად სამშობიაროში ნანა შერვაშიძე აირჩიეს. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ჯუმბერ უნგიაძე. სატელევიზო კომენტარს არ აკეთებს, პირად საუბარში კი განმარტავს, რომ დირექტორის უფლებამოსილებას აღარ ახორციელებს და მას სამშობიაროსთან მხოლოდ პროფესიული საქმიანობა აკავშირებს.