მუსლიმური სამყარო დღეს, 4 ივნისს, რამადან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში აღევლინა.
მორწმუნეები ბათუმში ორ ლოკაციაზე შეიკრიბნენ. ნაწილი ტრადიციულად ორთა ჯამეში მივიდა, ნაწილი კი იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობა სურთ.
ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მეოთხე წელია ღია ცის ქვეშ ლოცულობენ და მეჩეთის აშენებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მუსლიმები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
''ის, რომ რამადან ბაირამის ლოცვა დღეს სრულდება ახალ მეჩეთში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უკვე მეოთხე ლოცვა, რომელიც ახალ მეჩეთში, მაგრამ ღია ცის ქვეშ სრულდება. მერიამ უარი განაცხადა ნებართვის გაცემაზე. ეს იყო პროტესტის გამოხატულების ერთგვარი ფორმა. მას შემდეგ ეს მეჩეთი ყველა სარიტუალო ლოცვებით ფუნქციონირებს, მას ყავს წინამძღვარიც. სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევძელით ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. აქ ჩანს სახელმწიფოს ნეგატიური დამოკიდებულება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული სწორი პოლიტიკა, სწორი ხედვა რელიგიური უმცირესობების მხრიდან, ეს ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად გამოჩნდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიურ უმცირესობებს ზოგადად განიხილავს საფრთხის და უსაფრთხოების ჭრილში და ეს შინაარსი უფრო მეტად საფრთხის შემცვლელია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა სამართლებრივი გზა გავიაროთ. ეს მეჩეთი გვაქვს და რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ იმ დამოკიდებულებიდან, რაც ხელისუფლებას აქვს," - თქვა ტარიელ ნაკაიძემ.
მლოცველთა სიმრავლის გამო ორთა ჯამემ მორწმუნეები ვერ დაიტია და მრევლის ნაწილს ლოცვა ისევ ღია ცის ქვეშ, ქვაფენილზე მოუხდა.
ძველ მეჩეთში ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა. მან ახალი სამლოცველოს საჭიროებაზე ისაუბრა. მუფთმა იმედი გამოთქვა, რომ 12 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მრავალწლიან პრობლემას მოგვარდება.
მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
რამადან ბაირამს ერთ თვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნავენ. 4 მაისიდან დღემდე მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, წყლისა და საკვების მიღება ეკრძალებოდათ. მუსლიმთათვის ეს არის მიტევებისა და ქველმოქმედების დღე.
ბაირამზე მორწმუნეები ტრადიციულად ჰალვას ამზადებენ და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად საფლავებზე გადიან.
რამადან ბაირამი მუსლიმანურ სამყაროში ორ უდიდეს დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და ის სამი დღის განმავლობაში გრძელდება.