„ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის კანდიდატები, რომელბიც აქამდე იყვნენ შემოსული ამ ბრძოლაში, ისევ თავიდან შემოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ სურვილს მართონ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაძლებელია იყვნენ სხვა ადამიანებიც, ვისაც სურვილი გაუჩნდება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორის პოსტზე 8 კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ შეარჩიეს.
დღეს, 31 მაისს, მაუწყებლის დირექტორის პოსტზე მრჩევლებმა დირექტორი ვერ აირჩიეს. 3 ხმა, რომელიც გამარჯვებისთვის იყო საჭირო, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ხმები 8 მსურველიდან 4 კანდიდატზე გადანაწილდა. მათგან მხოლოდ ერთმა, მერაბ წულუკიძემ მიიღო ორი ხმა.
„მგონია, რომ ყველას ჰყავდა სასურველი კანდიდატი, რაც მთავარია კონცეფციის მიმართ დამოკიდებულება გამოჩნდა. ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე საქმიანად ვუდგებოდით ამ ორ დღიან სხდომებს, შეხვედრებს. სამწუხაროდ, ერთის მხრივ, ეს ძალიან ცუდი, რადგან მაუწყებელს კიდევ ერთი თვე არ ეყოლება დირექტორი, მაგრამ ჰყავს ძალიან კარგი მოვალეობის შემსრულებელი“ - განაცხადა ნატა იმედაიშვილმა..
მაუწყებელი 3 ივნისს ხელახლა გამოაცხადებს კონკურსს.
ვაკანტური აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი 2019 წლის 19 აპრილს გახდა, როცა მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან, 4-მა წევრმა ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.
გადაწყვეტილება ხმაურიანი იყო და იგი სასამართლოში დავის საგანიც გახდა. ნათია კაპანაძე სამართლებლივად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. კრიტიკული და
მწვავე შეფასებები იყო მესამე სექტორის მხრიდანაც.
ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად აქვს მაუწყებელს სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები არ ყოფილა მოგონილი.
„ბოლო დროს ჩვენთან, აი ამ პროცესის მიმართ. ჩემი შეფასებით, საბჭოს წევრებზე იყო ძალიან ნეგატიური ზეწოლა. მაგრამ მე მგონია დღეს გამოჩნდა ის ფაქტი, რომ საბჭო არის აბსოლუტურად ობიექტური და აბსოლუტურად მტკიცე. მგონია ისიც, რომ როცა უნდობლობას ვუცხადებდით მოქმედ დირექტორს, მაშინაც იყო საბჭო მტკიცე. გასაუბრებებმა აჩვენა და ცხადყო არის ის, რომ მაუწყებელში არსებობს და მაშინაც არსებობდა პრობლემები და ის არ იყო ჩვენს მიერ მოგონილი. ყველა კანდიდატი საუბრობდა აი ამ პრობლემების შესახებ“ - თქვა ნატა იმედაიშვილი.