ტურისტებს ჯოკერი ეთამაშეთ - რჩევა გიდებს მთავრობის თავმჯდომარესგან

29 მაისი 2019, 15:30 1934 ნახვა

„ჯოკერი ეთამაშეთ,“- ასეთი პასუხი გასცა გიდის შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელსაც აინტერესებდა სად წაიყვანოს ან რა შესთავაზოს წვიმიან ამინდში ტურისტს. 

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, სულხან დევაძემ კითხვა შეხვედრაზე დასვა, სადაც აჭარის მთავრობა და ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებოდა. 

მთავრობის თავმჯდომარის რეპლიკა შეხვედრაზე ხუმრობად მიიღეს და სიცილი მოყვა. მოგვიანებით კი, გიდის შეკითხვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სერიოზულად უპასუხა, თუმცა კარტები ბოლომდე არ გახსნა. თქვა, რომ ამუშავებს ინიციატივებს, თუმცა რა ინიციატივებს ამ ეტაპზე ვერ იტყვის. 

„გასართობი სეგმენტის განვითარებაა აუცილებელი, ჩვენ შეიძლება ინიცირება გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდეც, ინფრასტრუქტურულ საკითხსაც მოვაწყობთ, მაგრამ მთავარი მომწოდებელი ამ სერვისების ბიზნესია. გამოვალთ კონკრეტული შეთავაზებებით და ველოდებით ბიზნესის მხრიდან დაინტერესებას. ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულად რას ვაკეთებთ, რადგან პროექტი არ არის დასრულებული და მასზე მუშაობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ. 

საკითხზე დამატებით განმარტება გააკეთა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თინათინ ზოიძემ. თქვა, რომ წვიმიანი ბათუმის წინაშე მდგარ დილემაზე, ნაწილობრივ ტურიზმის დეპარტამენტმა იზრუნა.

„შეიქმნა და განახლდა ფასდაკლების ვაუჩერები, „ბათუმი ქარდი“ რომელიც აერთიანებს 50 ობიექტს, ისინი ტურისტებს სიახლეებს შესთავაზებენ. სწორედ ამ ობიექტებშია შესაძლებელი  წვიმის დროს დასვენება.  ეს პროექტი დასრულებულია და ერთი კვირის შემდგომ მას გავასაჯაროებთ. პროექტი შექმნილია ისე, რომ მაქსიმალურად იყვეს დატვირთული სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, მუზეუმებით, კვების ობიექტებით" - ითქვა პრეზენტაციაზე. 

დღეს  აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციასთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ჯგუფებს შეხვდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში