ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

24 მაისი 2019, 14:40 3057 ნახვა

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში უთხრეს, რომ დაკავებული გოგო ორსულობის დროს 16 წლის არ იყო, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქართული კანონმდებლობით 16 წლამდე მიუღწეველთან სექსუალური კავშირი დანაშაულია.

''გამოძიება ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. ველოდებით პასუხებს  და ამ დასკვნის მიღების შემდეგ უკვე გამოძიება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს'' - გვითხრეს სამინისტროში. 

22 მაისს, პოლიციელებმა არასრულწლოვანი გოგო დააკავეს, რომელსაც პოლიცია 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. სამართალდამცველებმა ის თბილისში აიყვანეს, სადაც ბავშვის გარდაცვალების შემდეგ წავიდა.

სასამართლომ, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ბავშვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

პარალელურად გუშინ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, როგორ მოხდა არასრულწლოვანის ქორწინება ისე, რომ საქმე არ აღძრულა. გენერალური ინსპექციამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი