მაჩალიკაშვილი სუს-ში დღეს დაიბარეს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ დაკითხვაზე ხვალ მივა

09 მაისი 2019, 13:53 2042 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატები, რომლებიც სასამართლოში მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავენ, აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალ, 15:00 საათზე მივა. 

სუს-ის წარმომადგენლებმა კი ​იგი დაკითხვაზე დღეს, 9 მაისს 15:00-ზე დაიბარეს. სამართალდამცველებმა უწყება წარუდგინეს, თუმცა მაჩალიკაშვილს ჩაბარებაზე ხელი არ მოუწერია. 

''გამოძიების ფარგლებში, 8 მაისს სუს-მა ადვოკატებთან კომუნიკაციით მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატების მიერ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ადვოკატების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდებოდა 10 მაისს. ამ განმარტების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დაახლოებით 12:20 რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოსთხოვეს დღესვე, 15:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, რასაც ბუნებრივია მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ და საგამოძიებო უწყებას კიდევ გაახსენეს შეთანხმება სწორედ 10 მაისს დაკითხვის თაობაზე'' - წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას, გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს.

''დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის არ წარმოადგენს გონივრულ დროს'' - წერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატები. 

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში