გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა

26 აპრილი 2017, 20:00 956 ნახვა

გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა - მას ანგარებით, პატრიარქის რეფერატის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვა ბრალდება.  
გამოძიების ვერსიით, მამალაძემ თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მიზნით განზრახ მკვლელობა დაგეგმა, რის საფუძველზე გიორგი მამალაძეს ბრალდება დაუმძიმდა.

განცხადება პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა. სამართალდამცავების ინფორმაციით: "2015 წლის ნოემბრიდან გიორგი მამალაძე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გათავისუფლებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილის დაუკავშირა, თუმცა ამავდროულად დაინიშნა ხსენებული სამსახურის უფროსის მოადგილის და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობებზე. 


მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო. გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა. ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან. 
არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა" - ნათქვამია ბრალდებაში. 

პროკურატურის ვერსიით -"2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.
ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას". 

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის. 
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა  2017 წლის 5 მაისს გაიმართება. 

ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი