ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მრჩეველთა საბჭოს წევრებს და ასევე თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა თუ არა მონაწილეობდა იმპიჩმენტის პროცესში. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვექნება, როგორსაც ვიმსახურებთ.
''არაფერი ახალი და წინასწარ განჭვრეტადი. ყოველთვის მეგონა ტექსტში, რომ ''თავისუფლება არის ლომთა ხვედრი'' მხოლოდ მოპოვებაზე იყო საუბარი, პირიქით ეს არის შენარჩუნებაზე. ნაკლებად ვხედავდი ლომებს დღეს ამ პროცესში. საბოლოო ჯამში კი ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვაქვს, როგორსაც ვიმსახურებთ. პასუხისმგებლობა ცხადია ეკისრება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება. მრჩევლებმა, რომლებმაც დღეს არცერთი მიმართულებით, კონკრეტული არაფერი თქვეს. ამ ბორდს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს არაერთგზის აქვს ჩაბარებული ანგარიში, სადაც ვერ ვკითხულობთ ჩვენს მათ პრეტენზიებს'' - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნათია კუპრაშვილმა.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შედეგამდე ყველაფერი ''მწყობრი ნაბიჯებით'' მივიდა და მსგავს ფინალს ელოდა.
''არანაირი ეჭვი არ მიჩნდება, ჩემთვის ნათელია რაც ხდება, დღეს სწორედ ამაში დასარწმუნებლად ჩამოვედი. ძალიან მწყობრი ნაბიჯებით მოხდება დღევანდელ დღემდე მისვლა, პროტესტებით, წერილებით, სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიით. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ სხვა მოლოდინი არ მქონოდა. რა შედეგიც დადგა დღეს ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის დირექტორისაც, ვიღაცაზე მეტია, ვიღაცაზე ნაკლები. ვუსურვებ ჩემი წინასწარი განწყობები და მოლოდინები არ გამართლდეს, დაგვაჯერონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამაში კი ძალიან ღრმად მეპარება ეჭვი'' - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
მისი თქმით, დღეს კონკრეტული არგუმენტები, ვერცერთი მხარისგან ვერ მოისმინა.
ნათია კუპრაშვილმა დღეს, მაუწყებლის ახალი ამბების გაფიცულ ოპერატორებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. შიშობს, რომ საქმე მართულ პროცესებს ეხება.
''როდესაც ასეთ დავას იწყებ, ასეთ პროცესში, ამთხვევ ამას იმპიჩმენტს და ელოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს მრჩეველთა საბჭო, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს ღიად თქვა რამდენია შენი ანაზღაურება, რას გულისხმობს პირობების სიმძიმე. მე მართლა მინდა მოვისმინო განმარტება. იქნებ დავრწმუნდე, ჩემი შიშები რომ აქ მართულ პროცესთან გვაქვს საქმე, არაა საფუძვლიანი''.
ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ნათია კაპანაძის დირექტორობამდე ყველა დასკვნაში ეწერა, რომ არხი მმართველი გუნდის მიმართ მიკერძოებული იყო.
''სამწუხაროდ, ნათია კაპანაძის დირექტორობამდე ყველა დასკვნაში ეწერა, რომ მიკერძოებული იყო მმართველი გუნდის მიმართ. ბატონის სოსოს დროს დაიწყო რეფორმები, მასაც უპირებდნენ იმპიჩმენტს, თუმცა მან ვერ გაბედა იმდენი რამდენიც ნათიამ. დადებითი ტენდენციები მაშინაც აღინიშნებოდა, მათ შორის ისეთში დასკვნებში, რომლის შედგენაში მეც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ყველა მათგანში წერია, მიკერძოების, სახელისუფლებო გუნდისთვის მეტი დროს დათმობის და ასევე საიტიდან წაშლილი ტექსტების შესახებ'' - თქვა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ნათია კაპანაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა