12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება - ''მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას''

12 აპრილი 2019, 00:00 1423 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. საბჭოს წევრებმა ბორდს 15 გვერდიანი წერილით მიმართეს, სხდომა 10 დღეში უნდა ჩაინიშნოს

ამ პროცესს საქართველოში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათ ერთობლივი წერილი გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი  საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში. 

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით  ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში" - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციები: 

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

2. მედიაკლუბი

3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

5. ღია საზოგადოების ფონდი

6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

7. ლიბერალური აკადემია თბილისი

8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

9.  სატელევიზიო ქსელი

10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

12. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 

 

ამავე კატეგორიაში