საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ.
საბჭოს წევრებმა ბორდს 15 გვერდიანი წერილით მიმართეს, სადაც მათი არგუმენტები წერია, თუ რატომ უნდა გადააყენონ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან.
"მთავარი პრეტენზია არის ტელევიზიის რეიტინგი, პრიორიტეტები არ სრულდება და რიგი ფორმალური საკითხები მოუგვარებელია. გადაწყვეტილებები კანონის გვერდის ავლით არის მიღებული. არის ნორმები, რომელსაც დირექტორი პატივს არ სცემს და არ ითვალისწინებს. არის სხვა საკითხები, ბიუჯეტთან დაკავშირებული" - განაცხადა გიგა ჩხარტშვილიმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც დირექტორის იმპიჩმენტის თემა სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს დაუკავშირა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება" - წერია მაუწყებლის განცხადებაში.
ჰქონდა თუ არა კონსულტაციები მრჩეველთა საბჭოს წევრებს, დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან, რომლის კვოტითაც ისინი ბორდში არიან წარდგენილები.
ირაკლი დარცმელიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით. გიგა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის.
"მე არ მგონია, რომ კონსულტაცია გავიარო, არ ვთვლი ვალდებულად თავს "ქართული ოცნების" წინაშე. ეს სტრუქტურა ასე არ მუშაობს. კონსულტაციები არაფერ შუაშია თუ თქვენ თვლით, რომ... მე გამაკვირვა თანამშრომლების ნაწილის განცხადებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ სარედაქციო პოლიტიკას ექმნება საფრთხე,არ ვიცი ეს რითია გამოწვეული. მე პირადად ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს დაცული. ამას არაფერი ემუქრება, მე მგონი, მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრი იგივე აზრზეა. სხვის განწყობებს ვერ გეტყვით, ფაქტია რომ ორი წევრი შეთანხმდა კონკრეტულ საკითხზე, ეს არის კოლეგიური ორგანო და წინასწარ შეუძლებელია გამოვიცნოთ, რა შედეგი იქნება" - განაცხადა ბორდის წევრვმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტისთვის სამი ხმაა გადამწყვეტი.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვს.
''ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა განცხადების შემომტანებს, გავეცნოთ მათ არგუმენტებს დაბეჯითებით და გულისყურით და ასევე შემდეგ დირექტორს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც უფლებამოსილია თავისი პოზიციები და არგუმენტები წარმოადგინოს. სხდომა იქნება საჯარო და ყველას შეეძლება მისი ნახვა".
რაც შეეხება არგუმენტებს, რისთვისაც დირექტორის გადაყენებას ითხოვენ, ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ არის საკითხები, რომლებზეც კითხვები ადრეც დასმულა და პასუხები ვერ მიუღიათ, თუმცა არის რიგი საკითხები, სადაც მაუწყებლის მენეჯმენტთან ერთსულოვნებაა.
კიდევ ერთი წევრი ბეჟან გობაძე კი ამბობს, რომ თუ ტვინი არ გადაუბრუნდა, იმპიჩმენტს არ დაუჭერს მხარს.
"მიმაჩნია, რომ არანაირი არსებითი ფაქტი არ არის დირექტორის იმპიჩმენტისთვის".
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბორდის ამ ორი წევრის უკან, არსებობს თუ არა კონკრეტული ინტერესები, იგი ამბობს რომ არ იცის, თუმცა შესაძლებლობას უშვებს.
"შესაძლებელია ნამდვილად, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი. ის, რომ ისინი რამდენჯერმე სხდომაზე არ გამოცხადნენ იმიტომ, რომ დირექტორი მოდიოდა, რაღაცა... ვერ ვხსნი, ჩემთან მათ ამ თემებზე ლაპარაკი არ ჰქონიათ. ასე, რომ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, მაგრამ მტკიცებით ფორმაში, რომ მათ უკან ვინმე დგას, ამას ვერ ვიტყვი".
განახლებული:
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსკიდევ ერთი წევრი გიორგი ირემაძე ამბობს, რომ მისი კოლეგების პოზიციას სრულად არ იზიარებს, თუმცა კითხვები და შენიშვნები აქვს.
''პოზიცია, რაც ჩემმა ორმა კოლეგამ ჩამოაყალიბა და ხელმოწერით დაადასტურა, შეუძლებელია სრულად გავიზიაროთ. იმ ადამიანებს აქვთ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები, თავიანთი შეხედულებები, მე ჩემი შეხედულება და მოსაზრება მაქვს'' - ამბობს ირემაძე.
მრჩეველთა საბჭოს წევრი ფიქრობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების პროცესში საჭიროა კანონი და პროცედურების დაცვა.
''ჩემი პოზიცია არის შემდეგი, პირველ ეტაპზე უნდა დავიცვათ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, და ამავდროულად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ შევინარჩუნოთ დელიკატურობა და კორექტულობა. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა არ თემის მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ მას შემდეგ, როდესაც თემა იქნება უფრო კონკრეტული. ჩემი კოლეგების არგუმენტები ჩემთვის ცნობილია და პირდაპირ გეუბნებით აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტად რომ დაინტერესებულიყო, მენეჯმენტთან დაკავშირებული პრეტენზიებით, ამ ამბებთან დაკავშირებით მეტი გეცოდინებოდათ'' - ამბობს გიორგი ირემაძე.
მისივე განცხადებით პრეტენზიები აქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით.
''საზოგადოებრივი მაუწყებლის 5 წლიან ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი ორჯერ არ მიიღო საბჭომ. გადამუშავებისათვის და გარკვეული პირობების შესრულებისათვის მენეჯმენტს უკან დაუბრუნდა, მენეჯმენტმა კვლავ არ შეცვალა თავისი მიდგომები. საბჭოს თვითონ მოუწია გარკვეული კორექტირების შეტანა, იმისათვის, რომ ბიუჯეტის პროექტი ახლოს მისულიყო, ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვან და მთავარ დოკუმენტთან, პროგრამულ პრიორიტეტებთან. ასევე გეტყვით ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ჩემს კოლეგებს საერთოდ არ ჩამოუყალიბებიათ ამ წერილში. ჩვენ არა გვაქვს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაუწყებლის ეთერში კონკრეტული პროექტების მიღებისა და შემდგომი მართვის შესახებ.''
ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. უფლებამოსილების ამოწურვამდე კი 6 თვეა დარჩენილი.