ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა გრძელდება. ხვალ საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული. დღეს კი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ უთხრა, რომ შესაძლოა სხდომა გადაიდოს. ბათუმის მერი კვლავ ინიციატივით გამოდის, პროცესები დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს. ლაშა კომახიძის თქმით, მოლაპარაკების გზით, პრობლემის გადაჭრის რესურსი ამოწურული არ არის.
''ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველაფერს, ვითვალისწინებთ საკითხის, როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე ტექნიკურსაც. ხვალ არის სასამართლო პროცესი, რომელზეც ჩვენ გამოვალთ ინიციატივით სხდომა გადადოს. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ დიალოგი ამოწურული არ არის. შესაძლოა ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მივიწევთ წინ. სწორედ ეს არის გზა, რომელიც საბოლოოდ მიზნამდე მიგვიყვანს'' - ამბობს ქალაქის მერი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს საკითხი შეთანხმებული მუფთთან, ან მოლაპარაკებაში ჩართულ მხარესთან, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ''არა''.
''არა, მე გეუბნებით ჩვენს დამოკიდებულებას, ხვალ არის სასამართლო პროცესი, ვთხოვე ჩვენს იურისტებს შევიდნენ ინიციატივით მერის სახელით. საკმაოდ ურთიერთგაგებით და ნორმალურად მივიწევთ წინ ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ ვფიქრობ, რომ კიდევ გვაქვს დიალოგის რესურსი'' - თქვა ლაშა კომახიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი მაუწყებელთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
''ეს არის სასამართლო პროცესი და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე'' - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. დამატებით კითხვებს კი მთავრობის თავმჯდომარემ აღარ უპასუხა.
2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე უარი უთხრა. ''ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი'' მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.
მათ ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავს.
სხდომის გადადება ბათუმის მერიამ 2018 წლის 20 თებერვალს, ერთხელ უკვე მოითხოვა. ერთთვიან ვადაში, მხარეებს შორის მოლაპარაკება მაშინ ვერ შედგა.
რა პოზიცია აქვს დიალოგის რეჟიმზე მოსარჩელე მხარეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10 აპრილს, 10 საათზე გაიმართება.
ფოტო: არქივი