ცელოფნის პარკების გამოყენებისთვის ბათუმში ობიექტებს ჯერ არ დააჯარიმებენ

08 აპრილი 2019, 00:00 2421 ნახვა

ცელოფნის ერთჯერადი პარკების სრულად აკრძალვიდან 8 დღის შემდეგაც, მაღაზიების ნაწილში ნაყიდ პროდუქციას მაინც პოლიეთილენის პარკში ათავსებენ, რომელსაც არ აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია

გამყიდველები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის შესახებ იციან, თუმცა საჯარიმო სანქციების ამოქმედების შესახებ ჯერ არავის გაუფრთხილებია. შესაბამისად ისინი ძველი მოცემულობით ხელმძღვანელობენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე უყვება, რომ ახალი საქონელი რამდენიმე დღის წინ, წერეთლის ქუჩაზე საბითუმოდ მოვაჭრისგან შეიძინა. ცელოფნები ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იყო, მაგრამ მაინც იყიდა.

''მითხრეს, რომ აკრძალვები რამდენიმე თვით გადავადდა, ამიტომ ვიყიდე. მაღაზიაშიც არავინ მოსულა, არ გავუფრთხილებივართ. როგორ დამაჯარიმებენ? მაშინ მითხრან სად წავიდე, სად ვიყიდო ცელოფანი, რომლის მოხმარებისთვისაც არ დამაჯარიმებენ. ყველას ვეკითხები და აჭარაში მსგავსი საწარმოს შესახებ არ იციან. ჩვენ რეგულაციებს არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ გამოსავალი უნდა არსებობდეს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა. 

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმებასა და დაჯარიმებას ჯერ არ იწყებენ. უწყებაში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, ამბობენ, რომ ძველი პროდუქციის ამოსაღებად, როგორც ბაზრობებს ასევე მაღაზიების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევენ. ოფიციალური თარიღის შერჩევის შემდეგ კი, განცხადებას გაავრცელებენ. 

მონიტორინგის ჯგუფის წევრები დღეიდან ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურადაც გააფრთხილებენ. ამბობენ, რომ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, სადაც აკრძალვების შესახებ ეწერა, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, როგორც მაღაზიებში, ასევე ბათუმში მოქმედ ბაზრობებზე დაარიგეს. 

პირველ ეტაპზე მაკონტროლებლები გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, შემდეგ კი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. კანონდარღვევისთვის მოქალაქეს 500, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარის გადახდა მოუწევს. 

პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. შეზღუდვები ქვეყანაში ორ ეტაპად განხორციელდა. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევიდან ამოიღეს მხოლოდ თხელი, ერთჯერადი პარკები. 

საქართველოს კანონმდებლობით, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“, ​მისი მწარმოებელი და პარკის შემადგენლობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი