პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

01 აპრილი 2019, 00:00 4736 ნახვა

 ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.  მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მისი დაკავების ფორმა დაასახელა. 21 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა პარასკევს საადვოკატო კომპანიის ოფისში დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში საკუთარი სურვილით გამოცხადებულიყო, თუმცა,  სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღების შემდეგ იგი ოფისში აიყვანეს. ინციდენტი ქობულეთში 27 მარტს  მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელი ახალგაზრდების გაშველების დროს დაშავდა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში