საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელ ერთ-ერთ ტელეგრამ ჯგუფს და აღნიშნული ჯგუფის მოდერატორის მიერ გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს, ანაზღაურების სანაცვლოდ, თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდა.
"მიმდინარე წლიდან ინტერნეტ მაღაზიის მოდერატორმა ბრალდებულს შესთავაზა, რომ გამოუგზავნიდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს დამზადებისთვის საჭირო სითხეს, რათა თავად ეწარმოებინა ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განეთავსებინა კონკრეტულ ლოკაციებზე.
ერთ-ერთი ბრალდებული დათანხმდა შეთავაზებას და მიმდინარე წლიდან, დამოუკიდებლად აწარმოებდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების წარმოების მიზნით, მცხეთის რაიონში, მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იყო ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისათვის საჭირო ყველანაირი ინვენტარით. ფარულ ლაბორატორიაში ბრალდებულები 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, ჯგუფურად, რეგულარულად აწარმოებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს. უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აფასოებდნენ და ინახავდნენ მათ მიერ უკანონოდ ნაწარმოებ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ათავსებდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე. მიღებულ შემოსავალს ბრალდებულები კრიპტოვალუტის სახით ინაწილებდნენ.
ბრალდებულების ლაბორატორიაში ჩხრეკების შედეგად ამოღებულია, უკანონოდ ნაწარმოები, შენახული და რეალიზაციის მიზნით დაფასოებული 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონის) შემცველი ფხვნილი, 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ შემცველი სითხე და განსაკუთრებით დიდი ოდენობა 35 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი. ასევე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები და ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 260 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით; მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვე პუნქტით; 260(4) მუხლის მე-4 ნაწილით; მე-5 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით; მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 266 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.