40 წელს გადაცილებული დასაქმებულები დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას დღეიდან შეძლებენ

01 აპრილი 2019, 00:00 1595 ნახვა

საქართველოში უკვე მესამე თვეა საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. მოქალაქეები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტომდე გახდნენ 40 წლის, მათთვის საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება ნებაყოფლობითია. ხოლო 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულო. 

თუ თქვენ, 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წლის იყავით და სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ გსურთ საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება, დღიდან, 1 აპრილიდან გაქვთ საშუალება გახვიდეთ დაგროვებითი სისტემიდან. 

სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ, პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით. 

საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ ამისთვის განცხადების დაწერა იქნება საჭირო. საპენსიო ფონდიდან გასასვლელად თქვენ სოციალური სააგენტოს ფილიალებში მოგიწევთ მისვლა, სადაც თქვენი განცხადების ელექტრონულ ვერსიას ადგილზევე მოგაწვდიან, ხელს მოაწერთ და ანაზღაურების 2%, რომელიც საპენსიო ფონდში თქვენს ანგარიშზე ირიცხებოდა აღარ ჩამოგეჭრებათ. 

თუ თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ სოციალურ მომსახურების სააგენტოში მისვლა, მაშინ მინდობილობის გაკეთება დაგჭირდებათ, რომელიც ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული. 

თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტეთ უარი თქვათ დაგროვებით პენსიაზე, მაშინ განცხადების დაწერიდან 30 კალენდარულ დღეში, სამი თვის განმავლობაში დაგროვებული თანხის უკან დაგიბრუნდებათ. თუმცა დაგიბრუნდებათ თქვენი ხელფასიდან გადახდილი 2%-ტი და არა მთლიანი თანხა, რომელიც რეფორმის თანახმად, თქვენთან ერთად თქვენმა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ გადარიცხა. 

საქართველოს მასშტაბით სოციალური სააგენტოს 69 ფილიალი მუშაობს. ბათუმში სოციალური სააგენტო ტაბიძის 2 ნომერში მდებარეობს. 

ამავე კატეგორიაში