ბათუმში 850 აბონენტს გაზმომარაგება ხვალ დილამდე არ აღუდგება

01 აპრილი 2019, 00:00 7612 ნახვა

ბათუმში ოთხი ქუჩის, 850-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება. ბუნებრივი აირი დაახლოებით 18:00 საათზე გაითიშა. ''სოკარში'' ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გაზის მილი დაზიანდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდება მოქალაქეებს ხვალიდან აღუდგებათ. 

''დადიანი ქუჩის N14-ში სანიაღვრე სამუშაოების დროს დაზიანდა საშუალო წნევის მიწისქვეშა 90 მმ-იანი პოლიეთილენის მილი. შედეგად, გაზმომარაგება შეიზღუდე შემდეგ მისამართებზე: დადიანის, მაიაკოვსკის, ერისთავის და ასევე ჩხაიძის ქუჩებზე. გათიშულია 850 აბონენტი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ დილიდან'' - წერია ''სოკარ ჯორჯია გაზის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, გაზის გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არც გამაფრთხილებელი გზავნილები მიუღიათ კომპანიისგან. 

''გამათბობელი ჩართული მქონდა, აღმოვაჩინე, რომ გაზის არ იყო. ასეთ დროს უმჯობესია გაგვაფრთხილონ. ბუნებრივ აირთან გვაქვს საქმე და გვეშინია, უსაფრთხოების ზომებს დავიცავთ'' - წერდა მაუწყებელს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით დაზიანებული მილი უკვე შეაკეთეს, თუმცა ბუნებრივი აირის ქსელში გაშვებას ხვალ დილით დაიწყებენ. ''სოკარი'' მოქალაქეებს აფრთხილებს, გაზის ჩამრთველები ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი