„ბათუმის წყლის“ ტენდერის შედეგს ეჭვქვეშ აყენებენ

27 მარტი 2019, 00:00 1588 ნახვა

კომპანია „ემ პი ერ“-ის დირექტორი და ტრენერი კომუნიკაციების მიმართულებით  ამბობს, რომ ბათუმის წყლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კანონდარღვევით  შეარჩიეს. ტენდერში ნათია სირაბიძეც მონაწილეობდა, ბათუმის წყალმა კი სატრენინგო მომსახურება  ამხანაგობა „მილენიალები 5“-ისგან შეისყიდა, რომელსაც როგორც ნათია სირაბიძე ამბობს, გამოცდილება არ აქვს და ტენდერის შედეგების გამოცხადების დღეს არის რეგისტრირებული,  ამასთან არ ჰქონდა კანონმდებლობით მოთხოვნილი ელექტრონული ხელმოწერა. სირაბიძე ვარაუდობს, რომ სატენდერო კომისიის წევრებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს. მიაჩნია, რომ გამარჯვებული ამხანაგობა სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა.

ტენდერში მონაწილე ტრენერის პრეტენზიებს ბათუმის წყალში არ პასუხობენ. კომპანიაში გვითხრეს, რომ პრეტენდენტს შედეგის გასაჩივრება დავების საბჭოში შეუძლია. ამხანაგობაში, ამბობენ, რომ  შემსყიდველმა ელექტრონული ხელმოწერა მხოლოდ 3 დოკუმენტზე მოითხოვა რაც წარადგინეს. რაც შეეხება გამოცდილებას, კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ ამ კრიტერიუმს ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი აკმაყოფილებს, რაც კანონით დაშვებულია.  ამხანაგობა „მილენიალები 5“-მა  ეფექტიანი სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების თემაზე ბათუმის წყლის თანამშრომლები უნდა გადაამზადოს. როგორც იურისტები აცხადებენ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ დასახვეწია როგორც  შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა, ასევე დავების საბჭოს მუშაობაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი