სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს - პენიტენციური სამსახური

26 მარტი 2019, 00:00 1348 ნახვა

სპეციალური პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძეს სამარხვო საკვები მიეწოდება, თუმცა მსჯავრდებულ პროტესტის ნიშნად საჭმლის მიღებაზე უარს ამბობს და სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მამალაძე სხვა პატიმრების მსგავსად უზრუნველყოფილია მუდმივი გათბობითა და ცხელი წყლით, თუმცა მსჯავრდებულს მუდმივად ღია აქვს პალატის ფანჯარა და აცხადებს, რომ ურჩევნია, ოთახში დაბალი ტემპერატურა იყოს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება გაციების საწინააღმდეგო მკურნალობა და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ავადობის პირველი ნიშნების გამოვლენის დროს კი მან მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. 

''20 მარტს გიორგი მამალაძე უჩიოდა ყელის ტკივილს, მშრალ ხველას და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, რასაც გაციებას (შხაპის მიღების შემდეგ) უკავშირებდა. თერაპევტის მიერ, მას დაენიშნა საწუწნი აბები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებაზე კი ხველის დაბალი ინტენსივობის გამო იმ ეტაპზე უარი განაცხადა.
2019 წლის 21 მარტს, (შხაპის მიღების შემდეგ) პაციენტს აღენიშნა ტემპერატურის მატება 38˚C-მდე. სიმპტომურად მიეცა ორი მედიკამენტი. 
2019 წლის 22 მარტს მსჯავრდებული მამალაძე უჩიოდა ყელის წვას, ხველას მცირე რაოდენობის ნახველით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას. 07:30სთ-ზე დაფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 37,7˚C, დღის განმავლობაში - კი 36,6-36,8˚C ფარგლებში. მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგად ფილტვებში პათოლოგიური პროცესი არ გამოვლინდა. შესაბამისად, მსჯავრდებულს დაენიშნა ამოსახველებელი საშუალება. გიორგი მამალაძემ „ავერსის” მედიკამენტზე უარი განაცხადა და საკუთარი ხარჯით შეიძინა საწუწნი აბები. 

22 მარტს მსჯავრდებულს გაეწია ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია, რის შედეგადაც დაუდგინდა ფარინგიტის გამწვავება და დაენიშნა სავლები.
23 მარტს ჩატარებული კონსულტაციისას, მორიგე თერაპევტის მიერ დაფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 37 ˚C, ერთეული მშრალი ხიხინი ვეზიკულური სუნთქვის ფონზე.

24 მარტს მსჯავრდებულმა პირველად განაცხადა უარი საკვების მიღებაზე, რის შესახებაც შედგა სათანადო ოქმი'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას ითხოვს. დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ მკურნალობის კურსი, რომელიც სასულიერო პირს სპეციალურ​ პენიტენციურ დაწესებულების საავადმყოფოში უტარდება არასაკმარისია და მას სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი