''მუშაობა არ შეფერხებულა'' - აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო  

26 მარტი 2019, 00:00 1531 ნახვა

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სოცმუშაკების გაფიცვის მიუხედავად მუშაობა არ შეფერხებულა. რეგიონში თბილისიდან დამატებით 2 სპეციალისტი ჩამოვიდა, ისინი ბათუმელ კოლეგებთან ერთად მოქალაქეებს სერვისების მიღებაში დაეხმარებიან. უწყებაში ამ ეტაპზე არ იციან, ახალი რეჟიმით რამდენ ხანს იმუშავებენ.   

''მინისტრის ბრძანება არის კრიზისული სიტუაციების მართვის შესახებ, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი ქმედებების გეგმა. თბილისიდან ჩამოვიდა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი თანამშრომელი, ჩვენგანაც გამოიყო პიროვნებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მომართვის დაფიქსირებას, სათანადო პასუხის გაცემას, განცხადებების მიღებას და მუშაობა გრძელდება'' - უთხრა მაუწყებელს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალი უფროსის მოადგილემ. 

რუსუდან სალუქვაძე ამბობს, რომ სოცმუსაკების მოთხოვნები სამართლიანია, თუმცა მისი გადაჭრის გზებზეც დაწყებულია მუშაობა. 

''არ უარვყოფთ, რომ პრობლემები არის, სამართლიანია მათი მოთხოვნები. დარგს და სოციალურ მუსაკებსაც გაძლიერება სჭირდებათ, მაგრამ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და გაწერილია დროში. გვპირდებიან, რომ ყველა მოთხოვნას გადაჭრიან'' - ამბობს სალუქვაძე. 

რაც შეეხება გაფიცულების პრეტენზიას, თითქოს შესაბამისმა სამსახურებმა თანადგომის მზაობა არ გამოიჩინეს, სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, მათი მოთხოვნები იგნორირებული არ არის. 

''თუ ასე ფიქრობენ ძალიან სამწუხაროა. მე არ ვთვლი, რომ საერთოდ იგნორირებული იქნა მათი მოთხოვნები. ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილზე შემუშავდა გეგმა, შეიძლება გრძელვადიანია, მაგრამ უყურადღებოდ არცერთი მათი მოთხოვნა არ დარჩენილა. იყო პრეტენზიები სამუშაო ადგილთან დაკავშირებით, საქმეები გადანაწილების კუთხით, ტრანსპორტსაც ითხოვდნენ. 50 სოცმუშაკი მიმდინარე წელს დაამატა მთელი საქართველოს მაშტაბით. ჩვენთანაც გამოცხადებულია კონკურსი, სამი დაემატება. შემდგომშიც იგეგმება დასაქმებულების რაოდენობის გაზრდა.​ ტრანსპორტირებას რაც შეეხება, მართალია ძალიან ბევრი სამოძრაო აქვთ, ქალაქში უწევთ გასვლა, მაგრამ ხშირად განყოფილების მანქანით სარგებლობენ, სააგენტოს ხელმძღვანელის მანქანითაც გადაგვიყვანია ბავშვი თბილისში'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს რუსუდან სალუქვაძემ. 

მაუწყებლის ჟურნალისტმა დღეს ერთ-ერთი მოქალაქეც ჩაწერა, რომელმაც თქვა, რომ სერვისებით შეფერხების გარეშე ისარგებლა. 

''სოციალურ მუშაკთან მოვედი, მეხუთე შვილი შემეძინა. საბუთი მჭირდებოდა. შეფერხება არ მქონია. მომემსახურნენ, დავასრულე და მივდივარ - ამბობს ვეფხია ბერიძე. 

სოცმუშაკები მეორე დღეა გაფიცულები არიან. ბათუმში ვარდების სკვერში დღეს კარავიც გაშალეს. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი