კოლეგების სოლიდარობა ექიმს, რომელიც 29 წლის გარდაცვლილ ქალს გამოკვლევა ჩაუტარა

25 მარტი 2019, 00:00 37947 ნახვა

ბათუმში მედპერსონალის ნაწილი შეიკრიბა და სოლიდარობა გამოუცხადეს ექოსკოპისტს, რომელმაც 29 წლის გარდაცვლილ ქალს კვლევები ჩაუტარა და ახლობლები პაციენტის დაღუპვაში ადანაშაულებენ. 

აქცია ბათუმში, მემედ აბაშიძის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთასთან, "აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების" შენობასთან გაიმართა. სოლიდარობის აქციას ქალაქის სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალი შეუერთდა. 

ექიმები აცხადებენ, რომ ექოსკოპისტი არ იყო გარდაცვლილის მკურნალი ექიმი, შესაბამისად ვერ დასვამდა მწვავე აპენდიციტის​ დიაგნოზს და იგი უდანაშაულოდ ისჯება. 

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ სანამ არ გაირკვევა ექიმის ბრალეულობა, შეწყდეს მედპერსონალის დისკრედიტაცია. ფიქრობენ, რომ ისინი ასეთ დროს დაუცველები არიან და მოუწოდებენ ჟურნალისტებს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია.

მელანო ფუტკარაძე ხუთი დღის წინ „მედცენტრში“ მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით მიიყვანეს, სადაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის მტკიცებით ქირურგიული ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.

ოჯახის წევრების განცხადებით,  გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე,  მელანო ფუტკარაძეს არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შეკრებილებმა ექიმის ლიცენზიის შეჩერება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები დაანონსეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს გუშინ, 24 მარტს დაკრძალეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი