ბათუმის ვიცე-მერი სოფო ხალვაში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს პასუხობს და ამბობს, რომ ბიზნესთან და მშენებლობებთან არანაირი შეხება არ აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სხდომაზე თქვეს, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ''კუბთაუერის'' მშენებლობის მენეჯმენტში, სოფო ხალვაშის ოჯახის წევრები არიან და შეფერხების მიზეზებიც მას ეცოდინებოდა. ისინი ვიცე-მერს საკითხზე განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ.
სოფო ხალვაშმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საკრებულოში კომპანიის წარმომადგენლები დაიბარონ. ბიზნესთან მის დაკავშირებას კი აბსურდული უწოდა.
''ბიზნესმენიც თუ ვიყავი არ მეგონა, აბსურდია, არანაირი შეხება არ მაქვს ბიზნესთან და მშენებლობასთან. თუ რამე აინტერესებთ ჩემი მეუღლეა წარმომადგენელი და კომპანიის თანამშრომლები დაიბარონ. მე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მგონი სასამართლოშია საქმე'' - განაცხადა ვიცე-მერმა.
ბათუმში კუბთაუერის მშენებლობა წლების წინ დაიწყო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროექტი შეჩერებული იყო. 22 სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებდა.
"კუბთაუერის" მშენებლობას კომპანია შპს „Adog Georgia''-ია გეგმავს, სასტუმროს ასაშენებლად ამ კომპანიას 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2010 წელს გადაეცა. კომპანიას მიხეილ ძოძუაშვილი ხელმძღვანელობს.
გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობლობის გამო ხელშეკრულებაში ცვლილება შვიდჯერ შეიტანა; კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამინისტრომ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
"მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ADOG GEORGIA-ს ჯამში ერიცხება პირგასამტეხლო [ჯარიმა] 3 655 355 ლარისა და 3 720 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. რაც დღემდე არ არის გადახდილი“.
ამავე ბრძანებით გადაწყდა, რომ ADOG-GEORGIA-ს არ აუნაზღაურდეს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები, გაუქმდეს კომპანიაზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საჯარო რეესტრს კი ეთხოვა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს რეესტრის ჩანაწერებში უძრავ ქონებაზე; ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს კი უნდა უზრუნველეყო ამ ქონების [1621 კვ.მ მიწის ნაკვეთის] მიღება-ჩაბარება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისათვის ღონისძიებების გატარება" წერია ბათუმელების სატატიაში.
ქონების უკან დაბრუნება ამ ეტაპზე სახელმწიფომ ვერ მოახერხა. საკითხზე დავა სასამართლოში მიდის.