ბათუმში გუშინ გაკეთებული გზა, დღეს დაზიანების გამო ისევ ჩაიკეტა

14 მარტი 2019, 00:00 7040 ნახვა

ბათუმის ცენტრალური მაგისტრალის, თამარ მეფის გამზირზე ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმის მერიამ ოთხი დღის წინ, 11 მარტს, კვირას ღამით დაიწყო.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიაში უთხრეს, რომ გზის საფარის რეაბილიტაცია 2-3 დღეში დასრულდებოდა და გზა გაიხსნებოდა. 

 ორი დღის წინ, გზაზე მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს. იმავე საღამოს, მოქალაქეებს უკვე საშუალება ჰქონდათ ამ გზით ესარგებლათ.   

დღეს დილით გზა ისევ ჩაიკეტა, რადგან ღამით დაგებულ ასფალტის ნაწილი დაიბზარა, ზოგ შემთხვევაში კი ჩავარდა (დეფორმირდა).  ამ წუთებში ახლადდაგებული ასფალტის დაზიანებულ ნაწილს ჭრიან და თავიდან გრუნტავენ. 

შესრულდა თუ არა სამუშაო არაჯეროვნად?  ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ გზა გახსნილი არც ყოფილა, უბრალოდ მოძრაობა პატრულთან შეთანხმების შესაბამისად, მესამე დღეს აღადგინეს. სულხან ევგენიძის თქმით, ხარვეზების გამოსავლენად დაკვირვება მიმდინარეობდა, რასაც პროექტი ითვალისწინებს და ამაში მერიის დამატებით თანხები არ იხარჯება. 

 "ოფიციალურად გახსნილი იყო ამას ნუ ამბობთ, ჩვენ დავაანონსეთ რომ მიმდინარეობს იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია. საპატრულო პოლიციასთან ვიყავით შეთანხმებული, რომ სამ დღეში უნდა მომხდარიყო ამ გზის რეაბილიტაციის დასრულება და მოძრაობის გახსნა. ერთი პირი დავაგეთ და ამ ვადაში გავხსენით კიდეც მოძრაობა. ველოდებოდით იმასაც, რომ სადღაც იქნებოდა ხარვეზი, რა შემთხვევაშიც ამ მონაკვეთზე თავიდან ამოიღებდა დაზიანებულ ასფალტს, დაგრუნტავდნენ და თავიდან დააგებდნენ. როდესაც ამ გზის მეორე მხარესაც ჩავკეტავთ, უმოკლეს ვადაში შევეცდებით გავხსნათ მოძრაობა, როგორც ვართ შეთანხმებული პოლიციასთან" - განაცხადა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა სულხან ევგენიძემ.  

მონაკვეთი, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პოლიციასთან მანამდე არსებული შეთანხმების მიუხედავად, დღეს ისევ ჩაიკეტა. მოძრაობა შეზღუდულია. 

 

მერიაში აცხადებენ, რომ ამ გზის რეაბილიტაცია დროებით მიმდინარეობს, რადგან ასფალტის საფარი ძალიან დაზიანებული იყო. 2020 წელს კი, თამარ მეფის გამზირის სრული და კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგემება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს.



 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი